ლევან გიორგაძე – ტექნიკა და ბიზნესი

„დღეს ბიზნესს ტექნოლოგიური აზროვნების გარეშე სიცოცხლისუნარიანობა არ გააჩნია. ჩემთვის ტექნოლოგიური აზროვნება ნიშნავს ტექნიკის სწორ და დროულ გამოყენებას — რუტინული პროცესების ავტომატიზაციას და გამარტივებას, რის შედეგადაც, ადამიანს შემოქმედებითი საქმიანობისთვის და ფიქრისთვის მეტი დრო რჩება”.  

 

 

ლევან გიორგაძე ანტრეპრენერი და ჩვენი კამპანიის ამბასადორია. პროფესიით ფინანსისტს, ამჟამად კი, Vian-ის Deputy CEO-ს, საკუთარი საქმიანობისთვის და რეგალიისთვის ერთი კონკრეტული ტერმინის მინიჭება უჭირს, რაც გასაკვირი სულაც არაა — მისი კარიერა ერთმანეთისგან განსხვავებული, მრავალფეროვანი ეტაპებისგან შედგება. დღესაც, მისი ყოველდღიურობა ფინანსების, ბიზნესის, მარკეტინგისა და შემოქმედებითი პროცესების მრავალფეროვანი ჰიბრიდია.

 

 

კარიერის დასაწყისი — პირველი ქართული ლეპტოპი

 

ტექნოლოგიურ სიახლეებთან რაციონალური უპირატესობების გარდა, განსაკუთრებული ემოციები და მოგონებებიც აკავშირებს. ტექნიკასთან მისი პირველი, საქმიანი შეხება და ამავდროულად, პირველი სამსახური, არც მეტი, არც ნაკლები — ქართული ლეპტოპის შემქმნელ კომპანიაში მუშაობა იყო.

 

„უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჩემი პირველი სამსახური მაქსტოპი იყო — ოჯახური ბიზნესი, რომელშიც პირველ რიგში, დიდი იდეისა და მისიისკენ სწრაფვა აღმაფრთოვანებდა. განვახორციელეთ მასშტაბური და საკმაოდ ამბიციური პროექტი — გამოვუშვით პირველი ქართული ლეპტოპი. იმ დროისთვის და არა მარტო, ეს საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი იყო, თუმცა, ბაზარზე არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, პროექტმა ფინანსურად არ გაამართლა. ჩემთვის ეს იყო, ერთგვარად, დიდი წარმატებაც და დიდი მარცხიც. იმ ფაქტმა, რომ პირველი გამოცდილება არც ისე კარგად დასრულდა, ჩემში გარკვეული შიში გამოიწვია, მაგრამ ამავდროულად, აღმიძრა დაუოკებელი სურვილი, რომ რაღაც ახალი შევქმნა და ეს სურვილი დღემდე ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია”. 

 

კორპორატიული კარიერა

 

მაქსტოპის შემდეგ, კარიერა ბანკში, კორპორატიული ბანკირის პოზიციაზე განაგრძო. როგორც თავად ამბობს, ბანკმა სტაბილურობისკენ და დისციპლინისკენ სწრაფვის უნარები გამოუმუშავა, რაც ერთი მხრივ, მისი საქმიანობისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია, თუმცა, მეორე მხრივ, ანტრეპრენერის თავისუფალ სულისკვეთებას უშლის ხელს და რისკზე წასვლას აფერხებს.

 

„საბანკო საქმიანობა ჩემს კარიერაში სერიოზული ტრამპლინი და კორპორატიული გამოცდილება იყო, რამაც მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები ჩამომიყალიბა. თუმცა, ისევე, როგორც ფაქტობრივად, ყველაფერს, ამ ისტორიასაც მეორე მხარე აქვს — ჩემმა გონებამ მუდმივად რისკების გადაზღვევაზე დაიწყო ფიქრი. რა შეიძლება მოხდეს, რომ კომპანიამ სესხი ვერ დააბრუნოს? რა საფრთხეები არსებობს? რა შეიძლება წავიდეს ცუდად? ამაზე ფიქრი ჩემი ყოველდღიური სამუშაო პროცესი იყო. დღესაც, ნებისმიერ პროექტზე, აუცილებლად მომაფიქრდება მინიმუმ 10 მიზეზი, თუ რატომ შეიძლება ამ იდეამ არ გაამართლოს. თუმცა, მუდმივად ვცდილობ, სტაბილურობასა და რისკებს შორის სწორი შუალედი ვიპოვო და გონება გამოწვევების იდენტიფიცირებაზე მეტად, გამოწვევისთვის საპასუხო გამოსავლის პოვნისკენ მივმართო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი კარიერის განმავლობაში, კორპორატიულ გარემოში ვსაქმიანობ, ჩემს ცხოვრებაში, ფაქტობრივად, არ ყოფილა პერიოდი, როცა დამატებით, ანტრეპრენერულ პროექტებში არ ვერთვებოდი”. 

 

 

 

 

ღირებული იდეები, როგორც ბიზნესი

 

განსაკუთრებული იდეებისადმი სწრაფვა და ახლის შექმნის სურვილი ლევანმა  ანტრეპრენერულ საქმიანობად გარდაქმნა. სამსახურთან ერთად, მის კარიერაში ყოველთვის არის მნიშვნელოვანი იდეების და ღირებულებების მატარებელი პროექტები. მათ შორისაა დიზაინერული სნიქერების ბრენდი ქროსთი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა ვენროლი, რომელიც განათლების ყველასთვის ხელმისაწვდომობას ემსახურება.

 

„პროექტი, რომელზეც ვმუშაობ, ერთ მთავარ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს — უნდა მჯეროდეს იდეის. თუ პროექტის უნიკალური ხედვა არ ჩანს, თუ მის ღირებულებებს არ ვიზიარებ და შინაარსი არ მაინტერესებს, ბიზნესად ვერ აღვიქვამ. ხშირად მომისმენია მოსაზრება, რომ ბიზნესში შინაარსზე მნიშვნელოვანი ციფრებია. სინამდვილეში კი, ციფრები და შინაარსი ერთმანეთთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული. მჯერა, რომ მხოლოდ რაციონალური, მხოლოდ ციფრებზე დაყრდნობით შემუშავებული იდეები მოკლევადიან ფინანსურ უკუგებას გაძლევს. ის კი, რაც დროს უძლებს და რასაც გრძელვადიანი ფინანსური მოგების მოტანა შეუძლია — მომხმარებლისთვის სასიკეთო და საჭირო, ძლიერი ხედვის მქონე ბიზნესია. მაგალითად, ქროსთის შემთხვევაში, შოთა და გიორგი მიქაიების ძლიერმა ხედვამ, იდეამ და მოტივაციამ დამარწმუნა იმაში, რომ ეს ბიზნესი წარმატებული იქნებოდა. ვიღაცისთვის კი, არარაციონალურად ჟღერდა აზრი, რომ ქართველმა მომხმარებელმა, შესაძლოა, ქართულ ფეხსაცმელში სტანდარტულზე მეტი თანხა გადაიხადოს; ამბობდნენ, რომ ზედმეტად სარისკო იდეაა. ვენროლის შემთხვევაშიც, უთქვამთ, რომ ქართული ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა ვერ იმუშავებს და ინვესტირება არ ღირს. მე კი მჯერა, რომ პროექტს, რომლის იდეაც განათლების ხელმისაწვდომობაა და საშუალებას გაძლევს, საინტერესო სპიკერების, თვალსაწიერის გასაფართოებელ კურსებს თუნდაც, მგზავრობისას, შენი მობილურით, 10 წუთში მოუსმინო, განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. მოკლედ, მთავარია, პროექტს ჰქონდეს რაღაც საჭირო, სასიკეთო და მთავარია, შენ ეს დაიჯერო. ასეთ შემთხვევაში, წარმოუდგენელიც შეგიძლია აქციო რეალობად. სწორედ ესაა, რაც საქმეში ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს — ხედვის განსაზღვრა, უნიკალურობის მოძებნა და ბრენდინგი. ახლაც, ჩემს ძმისშვილთან ერთად, Youtube-ის სატესტო პროექტზე ვმუშაობ და იქაც კი, მუდმივად ხედვის ჩამოყალიბების და განსაზღვრის პროცესში ვარ. თუ უშუალოდ კონცეფციის ინტერესი და შინაარსობრივი თანხვედრა არ მაქვს, დროს ვერაფრით ვუთმობ”.

 

ტექნიკა და ტექნოლოგიები

 

მუდმივად სიახლისკენ, განსხვავებული იდეებისა და განვითარებისკენ სწრაფვამ, ბუნებრივია, მასში ტექნოლოგიების მიმართ განსაკუთრებული გრძნობებიც გამოიწვია. სჯერა, რომ ტექნიკა თუ ტექნოლოგიური პროგრესი ადამიანისთვის არა საფრთხე, არამედ, მისი უნიკალურობის წარმოჩენა და ცხოვრების გამარტივებაა.

 

„ძალიან მიყვარს ადამიანური ურთიერთობები და გამოცდილებები. თუმცა, ეს ტექნიკასთან სიახლოვეს არ გამორიცხავს — პირიქით. მჯერა, რომ ტექნიკა და ტექნოლოგიები უფრო მეტად გვაძლევს საშუალებას, ჩვენი „ადამიანობა” გამოვავლინოთ — ვგულისხმობ შემოქმედებით უნარებს. სწორად გამოყენებული სწორი ტექნიკა რესურსების ოპტიმალურად განკარგვის საშუალებას გვაძლევს. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც და ბიზნესის საქმიანობაშიც, პირველი, რაც უნდა ეძიო ისაა, თუ რა არის დღეს ბაზარზე ისეთი, რაც საქმეს გაგიმარტივებს, ცხოვრების ხარისხს გაგიუმჯობესებს, შენც და მომხმარებელსაც. ჩემს საქმიანობაში ყოველთვის ვცდილობ რუტინული პროცესების ავტომატიზაციას. მქონია შემთხვევა, რომ ადამიანებს ეს საფრთხის შემცველად აღუქვამთ. უფიქრიათ, რომ ტექნიკა და ტექნოლოგია მათ ანაცვლებს. რეალურად კი, პირიქითაა. მე მინდა, ჩემი გუნდის წევრს მოსაწყენი სამუშაო მოვაშორო, მინდა მისი დრო უფრო გონივრულად განიკარგოს, შემოქმედებითი უნარებისთვის, ფიქრისთვის, აზროვნებისთვის მეტი დრო ჰქონდეს; სახლში ყოველდღე არა გამოფიტული, არამედ, უფრო ბედნიერი დაბრუნდეს; საკუთარი პოტენციალი თავადაც უკეთ აღიქვას და იგრძნოს, რომ ბევრად უფრო ღირებული და მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ, რუტინის შემსრულებელი. დღეს ბიზნესს ტექნოლოგიური აზროვნების გარეშე სიცოცხლისუნარიანობა არ გააჩნია. ჩემთვის ტექნოლოგიური აზროვნება ნიშნავს ტექნიკის სწორ და დროულ გამოყენებას — რუტინული პროცესების ავტომატიზაციას და გამარტივებას, რის შედეგადაც, ადამიანს შემოქმედებითი საქმიანობისთვის და ფიქრისთვის მეტი დრო რჩება”.

 

ტექნიკა ყოველდღიურობაში

 

„ჩემი ყოველდღიურობა Apple-ის ტექნიკაა. ამაზე უფრო კომფორტული, უფრო მეტად მომხმარებელზე მორგებული და მეგობრული ტექნიკა ვერ წარმომიდგენია. ნებისმიერი ღილაკი, ნებისმიერი ფუნქცია მარტივი და იდეალური მოხმარებისთვისაა გათვლილი. არასდროს გამჩენია აზრი, რომ გამოვცვალო და სხვა ბრენდზე გადავიდე.

 

 

ყველაზე აქტიურად ვიყენებ, რა თქმა უნდა, iPhone-ს — აბსოლუტურად ყველაფრისთვის და iPad-ს — ძირითადად, დიდი დოკუმენტების საკითხავად, ონლაინ შეხვედრებისთვის და ა.შ; ასევე, AirPods-ს. გენიალური გამოგონებაა. მჯერა, რომ ტექნიკა დროს კი არ უნდა გართმევდეს, უნდა გიზოგავდეს, ცხოვრებას, საქმეს გიმარტივებდეს. ზუსტად ასეთია ჩემთვის Apple. დღეს კავშირის პრობლემა არავის აქვს, დღეს ადამიანებს ფოკუსირების პრობლემა აქვთ. Apple კი, დროის გაფლანგვის ნაცვლად, საქმეზე, ცხოვრებაზე ფოკუსირებაში, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და საკუთარი თავის პოვნაში გეხმარება”.