მარიამ სიჭინავა - ტექნიკა და ფოტოგრაფია

6.11.2023

გაზიარება

მარიამ სიჭინავა — ტექნიკა და ფოტოგრაფია

 

ფოტოგრაფიასთან მარიამ სიჭინავას პირველი შეხება — ფილმის დასაწყისს ჰგავს. ფილმის, რომელშიც 40-60-იანი წლების კინემატოგრაფიაზე შეყვარებული, საკუთარი თავის მაძიებელი გოგოს ხელში, შემთხვევით ზენიტის ფოტოაპარატი მოხვდა. 

 

ასე იწყება ფოტოგრაფ მარიამ სიჭინავას ფილმი.

 

 

 

 

 

კადრი პირველი — ზენიტის ფოტოაპარატი

 

„სულ სხვა მომავალი წარმომედგინა და ჩემს გეგმებში ფოტოგრაფია არ შედიოდა. ეს სფერო სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე და ძალიან მალე, ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი დაიკავა. წარმოდგენა არ მქონდა, ფოტოაპარატი როგორ უნდა გამომეყენებინა, ვერც ტექნიკურ მხარეში ვერკვეოდი და ვერც გადაღების სპეციფიკაში. მაშინ ფოტოგრაფიის კურსები არ არსებობდა, ინფორმაციასთან წვდომაც დღევანდელივით მარტივი არ იყო. საბაზისო ტექნიკაში გავერკვიე და გადავწყვიტე, უბრალოდ, დამეწყო — საყვარელი ფილმების ინსპირაციით, ჩემი ხედვა გადმომეცა”. 

 

ფოტოგრაფიის ლაბირინთებში გზის გაკვლევა თავად, მცდელობებითა და 

ექსპერიმენტებით გადაწყვიტა. უბრალოდ, იღებდა იმას, რაც ხიბლავდა. სათქმელს, რისი გაჟღერებაც სურდა. შთაგონების მთავარი წყაროს — კინემატოგრაფიის გავლენით, იღებდა კინოს კადრებს — რეალურ ცხოვრებაში. პირველივე ფირის გამჟღავნების შემდეგ, იგრძნო, რომ სამყარო, რომელსაც კადრებად გადმოსცემდა, საინტერესო და ამაღელვებელი იყო. ტექნიკური ცოდნის ნაკლებობის მიუხედავად, ფოტოებზე სწორედ ის ფერები, კომპოზიცია და განწყობა იყო ასახული, რაც გადაღებისას ჩაიფიქრა. განათება და ფოკუსიც, პირველი მცდელობისთვის, საკმაოდ კარგი იყო. გადაწყვიტა, რომ გაეგრძელებინა და ნაბიჯ-ნაბიჯ, თითოეული ფოტო კიდევ უფრო გაეუმჯობესებინა. 

 

კადრი მეორე — საერთაშორისო აღიარება 

 

„ფოტოების გადაღება ჯერ კიდევ ახალი დაწყებული მქონდა, როცა ლონდონის გამომცემლობიდან დამიკავშირდნენ და წიგნის ყდისთვის ჩემი ფოტო შეიძინეს. ამ პერიოდში, ჩემი ვებგვერდის მნახველების რიცხვი უკვე ძალიან იზრდებოდა. შემდეგ, Urban Outfitters-ის მასშტაბური პროექტის შემოთავაზება მივიღე. შემდეგ იყო New York Magazine, Chanel, Vogue…”. 

 

თვითნასწავლი ფოტოგრაფის და ჩვენი კამპანიის ამბასადორის პორტფოლიოში, დღეს უამრავ საამაყო ნამუშევარს აღმოაჩენთ. მარიამი, უმეტესად, საერთაშორისო ბრენდების პროექტებზე მუშაობს და 2012 წელს, 30 წლამდე ასაკის კატეგორიაში, მსოფლიოს 30 საუკეთესო ფოტოგრაფ ქალს შორის დაასახელეს. მის განსაკუთრებულ ხელწერას — ბუნებრივი განათებებით ჰარმონიულ თამაშს, სულიერ სიმშვიდეს, ამბებით სავსე კომპოზიციებს და კლასიკურ კინემატოგრაფიულ ესთეტიკას კი, ერთი ნახვის შემდეგაც მარტივად ამოიცნობთ.

 

„ის ფაქტი, რომ თვითნასწავლი ვარ, საკუთარი ხელწერის პოვნაში დამეხმარა. სწავლის პროცესში, მუდმივად ცდებში, ექსპერიმენტებსა და ძიებაში ვიყავი. მაშინაც და ახლაც, განწყობებს, ემოციებს, ჩემს ჰარმონიას გადმოვცემ. თავისუფლება მიყვარს და ზედმეტი ჩარჩოები არ მხიბლავს. არც შემოქმედებით საქმიანობაში და არც, ზოგადად. კომერციულ პროექტებზე მუშაობის დროსაც, თავისუფლებას არასდროს ვიზღუდავ. დამკვეთთან ერთად, მოდელს ვარჩევ, შემდეგ კი, სტილი, ლოკაცია — ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. კარგი შედეგის მისაღებად, ჩემთვის შემოქმედებითი თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ამ პროფესიაში, ხედვასა და ინდივიდუალიზმზე მნიშვნელოვანი არაფერია”. 

 

 

 

 

 

კადრი მესამე — მობილური ფოტოგრაფია

 

პირველი სიყვარული — ფირის ფოტოგრაფია მარიამის შემოქმედებაში კვლავ მთავარ როლს ასრულებს. თუმცა, მის კოლექციაში მობილური ფოტოგრაფიის განსაკუთრებულ ნიმუშებსაც აღმოაჩენთ. იმდენად განსაკუთრებულს, რომ ფოტოები თავად Apple-საც არ დარჩენია ყურადღების მიღმა. 

 

„ფირი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სულ სხვა ესთეტიკა, სიღრმე და კინემატოგრაფიული განწყობა აქვს. ამიტომაც, ფირის ფოტოგრაფია ჩემი საქმიანობის მთავარი ხაზია. თუმცა, მობილური ფოტოგრაფიაც მიყვარს. ფირის აპარატით ყოველდღიურად ვერ ვმოძრაობ, მობილურით კი, ყველაფერი ძალიან კომფორტულია. შეიძლება უცებ დავინახო რაღაც, რისი აღბეჭდვაც ობიექტივზე მომინდება და ამ დროს, მობილურის სახით, ხელში ძალიან კარგი მონაცემების აპარატი მიჭირავს. კარგი კადრის დაფიქსირების საშუალებასაც მაძლევს და შესაბამის ხარისხსაც. ფაქტობრივად, ყოველდღე ვიღებ მობილურით. Apple-ის ინსტაგრამზე განთავსებული ფოტოებიც, ჩემი ყოველდღიურობა იყო — ორი გადაღების მზადების პროცესს ასახავდა, ერთი კი — უბრალოდ, ჩემს დღეს, შვილთან ერთად ყოფნისას. ზოგადად Apple ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია — მობილურთან ერთად, ჩემს სახლში აბსოლუტურად ყველა ტექნიკა ამ ბრენდისაა. ყოველდღიურად ვიყენებ AirPods-ს, ყოველთვის iMac-ზე, ან Macbook-ზე ვმუშაობ. სულ სხვა კომფორტი, ფერები და გამოცდილებაა”. 

 

ფიქრობს, რომ ფოტოგრაფია ადამიანებისთვის თვითგამოხატვის შესაძლებლობაა. როგორც ამბობს, სურს ადამიანებს, სხვისი აზრების მიუხედავად, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისკენ უბიძგოს და ჩვენს კამპანიასაც, სწორედ ამ მიზნით შემოუერთდა. 

 

„ჩემს შემთხვევაში, პროფესიის ცვლილებას და ფოტოგრაფიით გატაცებას, გარშემომყოფების უმეტესობა ძალიან დადებითად შეხვდა. გამიმართლა, რომ ოჯახი და ახლობლები — ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები ყოველთვის მხარს მიჭერდნენ. თუმცა, ახალ პროფესიებთან დაკავშირებით, საზოგადოებაში ჯერ კიდევ ბევრი სტერეოტიპია, რაც ადამიანებს წინსვლაში ხელს უშლის. ამ კამპანიასაც სწორედ ამ იდეით შევუერთდი — გამიხარდება, თუ ჩემი ამბავი ადამიანების ინსპირირებას, მოტივირებას შეძლებს. ვფიქრობ, მობილური ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ხიბლი ისაა, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი და მარტივად ასათვისებელია. ფოტოგრაფიას აქვს გარკვეული წესები, რაც შეგიძლია გაითვალისწინო, რომ ფოტო უფრო საინტერესო და თვალისთვის მიმზიდველი გამოვიდეს, თუმცა, მობილური ფოტოგრაფიისთვის სიღრმისეული ტექნიკური ცოდნა არ გჭირდება. ამიტომაც, თუ ამით დაინტერესებული ხარ, აუცილებლად უნდა სცადო. მუდმივად ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინო. მთავარია, გქონდეს ხედვა და ინდივიდუალიზმი, რომელსაც დახვეწ, განავითარებ, სხვებს გაუზიარებ”.